ეს გვერდი ხსნის, რა მონაცემს აგროვებს CityNorm, რისთვის ვიყენებთ და როგორ შეგიძლია მისი წაშლა.
რას ვაგროვებთ
- ანგარიში: ელფოსტა, სახელი და გვარი, როლი (მესაკუთრე, არქიტექტორი, დეველოპერი…), სურვილისამებრ ტელეფონი და კომპანია. Google-ით შესვლისას Google-ისგან ვიღებთ მხოლოდ ელფოსტას, სახელს და პროფილის სურათს.
- პროექტები: ფორმაში შევსებული ველები, მათ შორის საკადასტრო კოდი და მისამართი, დათვლილი პროცენტი და მისი ვერსიები.
- კაბინეტი: საიტის ხელსაწყოები მხოლოდ ანგარიშით მუშაობს. შენს ანგარიშზე ვინახავთ, რომელი ნაკვეთების პასპორტი გახსენი (საკადასტრო კოდი, უბანი, ფართობი, ზონა, ბოლო ნახვის დრო და რამდენჯერ) და შენ მიერ შეკვეთილ რეპორტებს, რომ „ჩემს კაბინეტში“ გამოჩნდეს და გააგრძელო. ეს მხოლოდ შენ გიჩანს; ნაკვეთს სიიდან კაბინეტშივე წაშლი.
- ალბათობის გამოთვლა: ფორმის ბოლო ნაბიჯზე შევსებული ველები და კითხვების პასუხები, საკადასტრო კოდის ჩათვლით, ჩვენს სერვერზე იგზავნება: ალბათობას იქ ვითვლით. თითო გამოთვლაზე ვინახავთ ჩანაწერს ვინაობის გარეშე: ეტაპი, შენობის კლასი, საკადასტრო სექტორი (კოდის პირველი ორი ნაწილი, მაგ. 01.14), ქმედების ტიპი, არჩეული ზონა, K1/K2/K3 და სიმაღლე, შემოწმებების სტატუსი (მაგ. რომელი დოკუმენტი გაქვს), კითხვების პასუხები, დათვლილი შედეგი და დრო. სრულ საკადასტრო კოდს, IP მისამართს და ანგარიშს ამ ჩანაწერში არ ვწერთ. ჩანაწერს მოდელის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ. ჩანაწერი 24 თვე ინახება, შემდეგ ავტომატურად იშლება.
- ნაკვეთის ზონა (რუკა): ალბათობის გამოთვლისას ჩვენი სერვერი საკადასტრო კოდით ნაკვეთის ზონას ადგენს სახელმწიფო რუკის საჯარო სერვერზე (MS MAPS), რომელსაც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) მართავს. იქ ჩვენი სერვერიდან იგზავნება საკადასტრო კოდი და ნაკვეთის საზღვრები; შენი IP მისამართი, ვინაობა და ანგარიში არ იგზავნება. პასუხს (ფუნქციური და ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონა, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, გრგ-ის არეალი, განაშენიანების კონტური, ფართობი) საკადასტრო კოდთან ერთად ქეშში ვინახავთ 30 დღე (ვერ მოძებნილ კოდს 1 დღე), რომ იმავე ნაკვეთზე რუკას ხელახლა არ მივმართოთ; შემდეგ ავტომატურად იშლება. ეს ნაკვეთის მონაცემია და შენთან, შენს ანგარიშთან ან IP-სთან დაკავშირებული არ არის.
- ნაკვეთის პასპორტი: საკადასტრო კოდით ნაკვეთის მონაცემის მოთხოვნისას ჩვენი სერვერი იმავე საჯარო რუკას (MS MAPS) დამატებით ფენებზე ეკითხება: შეზღუდვები, გეოლოგიური საფრთხე, უბანი, გარემო. პასუხს საკადასტრო კოდთან ერთად 30 დღე ვინახავთ (ვერ მოძებნილ კოდს 1 დღე), შემდეგ ავტომატურად იშლება. ნაკვეთის ცენტროიდს (კოორდინატს), ფართობს და რუკის ზონას ვინახავთ ვადის გარეშე, ახლომდებარე პროექტების სტატისტიკისთვის. ეს ნაკვეთის მონაცემია: ვინ მოითხოვა, შენი IP და ანგარიში მასთან არ ინახება (შენი შემოწმებული ნაკვეთების სია: იხ. „კაბინეტი“). ნაკვეთის ისტორიისა და ახლომდებარე გადაწყვეტილებებისთვის ნაკვეთის საზღვრები იგზავნება თბილისის არქიტექტურის სამსახურის საჯარო რუკის სერვერზე; პასუხი სერვერის მეხსიერებაში 7 დღემდე რჩება. გარემოს (გაჩერებები, მაღაზიები, აფთიაქები, სასაფლაოები, ელექტროხაზები, მისადგომობა, მოსახლეობა და სხვ.) ჩვენივე ამონაწერიდან ვითვლით (OpenStreetMap, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, Kontur); ამისთვის არსად არაფერი იგზავნება. რელიეფისთვის ჩვენი სერვერი საჯარო სიმაღლის ფილებს ითხოვს (Amazon Web Services-ის ღია მონაცემები). იგზავნება მხოლოდ ფილის ნომერი (დაახლოებით 2 × 2 კმ არე); საკადასტრო კოდი, შენი IP და ანგარიში არ იგზავნება.
- ღირებულების შეფასება: ფასის შეფასებისას ჩვენი სერვერი ss.ge-ს, livo.ge-ს და myhome.ge-ს ეკითხება, რამდენი და რა ფასის განცხადებაა ნაკვეთის უბანში. იგზავნება უბანი, ობიექტის ტიპი და ფართობის დიაპაზონი; საკადასტრო კოდი, შენი IP და ვინაობა არ იგზავნება. შენ მიერ შეყვანილი ფასი შენს ბრაუზერში რჩება და სერვერზე არ მოდის. საიტების პასუხს (განცხადებიდან მხოლოდ ფართობი და ფასი) სერვერის მეხსიერებაში 6 საათამდე ვინახავთ.
- მოთხოვნების ლიმიტი: IP მისამართს არ ვინახავთ. მოთხოვნების რაოდენობის შესაზღუდად ვინახავთ მისგან საიდუმლო გასაღებით გამოთვლილ ანაბეჭდს (HMAC). ანაბეჭდი ბოლო მოთხოვნიდან 20 წუთამდე ინახება, შემდეგ ავტომატურად იშლება.
- ატვირთული დოკუმენტები: მხოლოდ პორტალში, შენს პროექტში ატვირთვისას. ინახება პრივატულ საცავში და ხელმისაწვდომია მხოლოდ შენთვის.
- გამოყენების მონაცემი: რომელი გვერდი და ნაბიჯი გახსენი, რამდენ ხანს დარჩი ველზე, რა შეცდომა გამოჩნდა. ფორმაში აკრეფილ ტექსტს და ფაილის შიგთავსს ამაში არ ვწერთ.
რას არ ვაგროვებთ
- ანგარიშის გარეშე ხელსაწყოები არ იხსნება და ჩვენთან არაფერი იგზავნება (გარდა ზემოთ აღწერილი გამოყენების მონაცემისა).
- „ხარვეზის შემოწმებისას“ PDF/DXF შენს ბრაუზერში იკითხება და არ იტვირთება.
- მესაკუთრის სახელს და პირად ნომერს საჯარო რეესტრიდან არ ვიღებთ.
რისთვის ვიყენებთ
- რომ შენი პროექტები შეინახოს და გააგრძელო.
- რომ დავინახოთ, სად უჭირთ მომხმარებლებს, და პროდუქტი გავაუმჯობესოთ.
- რომ დაგიკავშირდეთ ბეტა-ტესტირებასთან დაკავშირებით.
მონაცემს არ ვყიდით და რეკლამისთვის მესამე მხარეს არ გადავცემთ.
ანალიტიკა (Google Analytics და Microsoft Clarity)
საიტის სტატისტიკისთვის ვიყენებთ Google Analytics-ს, Google Tag Manager-ის გავლით. ის შენს ბრაუზერში cookie-ს ინახავს და Google-ს უგზავნის: რომელი გვერდი ნახე, საიდან მოხვედი (მაგ. საძიებო სისტემა, სოციალური ქსელი, რეკლამის ბმული), რას დააჭირე, რამდენად ჩასქროლე, მოწყობილობის და ბრაუზერის ტიპს, ქალაქის დონის მდებარეობას და შემთხვევით იდენტიფიკატორს. შესული მომხმარებლისთვის ემატება ანგარიშის შიდა ნომერი (არა ელფოსტა და არა სახელი). საკადასტრო კოდს, ელფოსტას და ფორმაში აკრეფილ ტექსტს Google-ს არ ვუგზავნით. რეკლამის cookie გამორთულია.
საჯარო გვერდებზე (მთავარი, რეგისტრაცია, შესვლა, იურიდიული გვერდები) ვიყენებთ Microsoft Clarity-საც: ის ინახავს cookie-ს და იწერს, როგორ მოძრაობს მაუსი, სად აჭერ და რამდენად სქროლავ, რომ დავინახოთ, სად უჭირთ ადამიანებს (სითბური რუკები და ვიზიტის ჩანაწერები). ფორმაში აკრეფილი ტექსტი ჩანაწერში დაფარულია. ნაკვეთის ანალიზის და რეპორტის გვერდებზე Clarity არ მუშაობს.
ორივეს გამორთვა შეგიძლია ქვემოთ, ამ ბრაუზერში.
სად ინახება
მონაცემთა ბაზა და ფაილები ინახება Supabase-ში (ევროკავშირი, ფრანკფურტი), საიტი მუშაობს Vercel-ზე. ორივე მხოლოდ ჩვენი დავალებით ამუშავებს მონაცემს. მათ ტექნიკურ ჟურნალებში მოთხოვნები, მათ შორის IP მისამართი და საკადასტრო კოდი, შეზღუდული ვადით ჩანს. ნაკვეთის ზონის დასადგენად საკადასტრო კოდი იგზავნება MSDA-ს საჯარო რუკის სერვერზე (MS MAPS), ნაკვეთის საზღვრები თბილისის არქიტექტურის სამსახურის რუკაზე, ხოლო ფასის შეფასებისას უბანი და ფართობი ss.ge-ზე, livo.ge-ზე და myhome.ge-ზე; შენი მონაცემის გარეშე (იხ. ზემოთ).
შენი უფლებები
ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემის ნახვა, შესწორება ან ანგარიშის სრულად წაშლა, პროექტებისა და ფაილების ჩათვლით.
ცვლილებები
თუ ეს პოლიტიკა შეიცვლება, ახალ ვერსიას ამავე გვერდზე გამოვაქვეყნებთ, თარიღით.